სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
„სამი საუნჯე“N4(14), 2014

რეზიუმე

  • გიორგი გოგოლაშვილი, ილია და იაკობი
  • ანზორ თოთაძე, თბილისის მოსახლეობის რაოდენობა 1226 წელს
  • გრიგოლ რუხაძე, საქვეყნო ამბების მიმოხილვა
  • ბორის დარჩია, მეცნიერება და პატიოსნება
  • გულბაათ რცხილაძე, გამოკითხვა 2014: საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოსა და აშშ-სადმი
  • იოსებ არჩვაძე, საქართველოს მოსახლეობის პასუხი კითხვაზე: „საით ჰხვალ, საქართველო?“
  • ვალერიან დოლიძე, მაიდანი და უკრაინული სცენარის გავრცელების პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში
  • მარუტ ვარდაზარიანი, უკრაინის კრიზისი და ქართულ-სომხური ურთიერთობები
  • გრანი ქავთარია, ეტრუსკები და რომაელები
  •  

    გიორგი გოგოლაშვილი
    ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი

    ილია ჭავჭავაძე და იაკობ გოგებაშვილი XIX საუკუნის უდიდესი ქართველი მოღვაწეები არიან. ნარკვევში საუბარია მათ ურთიერთდამოკიდებულებაზე. ისინი, ქართული საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ერთი მეორის გვერდით იდგნენ; იცავდნენ ერთმანეთის პოზიციებს; ერთიანი ძალით ებრძოდნენ ქართული საქმის მტრებს. მათი ურთიერთობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ერისკაცთა დამოკიდებულება საქვეყნო საქმისადმი და ეროვნული მოღვაწეებისადმი.

     

    ანზორ თოთაძე
    თბილისის მოსახლეობის რაოდენობა 1226 წელს

    თბილისის მოსახლეობის რაოდენობის განსაზღვრა ისტორიიის ცალკეულ მონაკვეთებში მეტად რთულია. ფაქტობრივად, მე-19 საუკუნემდე შედარებით ზუსტი მონაცემები არ მოგვეპოვება. მხოლოდ ცალკეული ცნობების ანალიზისა და სხვადასხვა ხასიათის რიცხობრივი მაჩვენებლების შეჯერებისა და გაანგარიშების გზით არის შესაძლებელი ასე თუ ისე სარწმუნო დასკვნების გაკეთება. ჩვენს ისტორიულ მეცნიერებაში შედარებით ზუსტ მონაცემად მიჩნეულია 1226 წელს თბილისის მოსახლეობის რაოდენობა – 100 ათასი კაცი, რასაც ძირითადად უკავშირებენ ჯალალედინის მიერ თბილისის აღებისას 100 ათასი კაცის მოწამეობრივი სიკვდილით დასჯას. შესაბამისი ირიბი მონაცემებისა და ისტორიულ ლიტერატურაში დაცული ქართული და უცხოური ცნობების გაანალიზების საფუძველზე ავტორი ასაბუთებს, რომ რვა მილიონიან საქართველოს დედაქალაქ თბილისში 1226 წელს დაახლოებით 150 ათასი კაცი ცხოვრობდა.

     

    გრიგოლ რუხაძე
    საქვეყნო ამბების მიმოხილვა

    ავტორი ამჯერად მიმოიხილავს საქართველოს პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ საკითხებს: ასოცირების ხელშეკრულება, კოლაბორაციონისტი ნაცების ინიციატივა, უკრაინის ხელისუფლების ახალი კადრი, საყდრისის საბადო, რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, პრემიერის პრესკონფერენცია.

     

    ბორის დარჩია
    მეცნიერება და პატიოსნება

    ნაშრომში კრიტიკულად განხილულია როსტომ ჩხეიძის 2014 წელს გამოცემული წიგნი ”საგა ვახტანგური, ვახტანგ ჭელიძის ცხოვრების ქრონიკა”, სადაც დაცინვითა და აბუჩად აგდებით არიან მოხსენიებული ჩვენი გამოჩენილი მეცნიერები – ალექსანდრე ბარამიძე და გივი მიქაძე; ნაჩვენებია, რომ ამ დამსახურებული მოღვაწეებისადმი ეს დამოკიდებულება ყოვლად უსაფუძვლო და უსამართლოა.

     

    გულბაათ რცხილაძე
    გამოკითხვა 2014: საქართველოს მოსახლეობის
    დამოკიდებულება ნატოსა და აშშ-სადმი

    ევრაზიის ინსტიტუტის გამოკითხვა 2014 წლის ნოემბერში, საქართველოს მასშტაბით ნატოსა და შეერთებული შტატებისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების კვლევის მიზნით ჩატარდა. გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოსა და აშშ-სადმი არაერთგვაროვანია, ხოლო მოცემულ მომენტში რომ ტარდებოდეს პლებისციტი საქართველოს ნატოში წევრობის თაობაზე, ამ საკითხს ხმას დადებითად გადაჭრით ამომრჩეველთა მხოლოდ 32 პროცენტამდე მისცემდა.

     

    იოსებ არჩვაძე
    საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური ორიენტაცია

    ავტორი აფასებს ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვას, რომელიც ნატოსა და აშშ-სადმი საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ასახავს. ი. არჩვაძე, როგორც დარგის სპეციალისტი, მაღალ შეფასებას აძლევს ჩატარებულ გამოკვლევას, მისი აკადემიურობისა და კვალიფიციურობის თვალსაზრისით. საკუთრივ გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოსა და აშშ-სადმი არაერთგვაროვანია, ხოლო მოცემულ მომენტში რომ ტარდებოდეს პლებისციტი საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე, ამ საკითხს ხმას დადებითად ამომრჩეველთა 32 პროცენტზე მეტი არ მისცემდა.

     

    ვალერიან დოლიძე
    მაიდანი და უკრაინული სცენარის გავრცელების
    პერსპექტივა სამხრეთ კავკასიაში

    ნაშრომში ავტორი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას – შეიძლება თუ არა უკრაინული სცენარის გავრცელება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში? სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკების პოლიტიკური ფუნქციონირების უკრაინასთან შედარების საფუძველზე ის მიდის დასკვნამდე, რომ სამხრეთ კავკასიაში არ არსებობს უკრაინული მაიდანის გამეორებისათვის აუცილებელი და საკმარისი პირობები.

     

    მარუტ ვარდაზარიანი
    უკრაინის კრიზისი და ქართულ-სომხური ურთიერთობები

    ავტორი აანალიზებს ქართულ-სომხური ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას და ამ ურთიერთობების პერსპექტივებს, უკრაინის კრიზისისა და მასთან დაკავშირებული გლობალური პროცესების ფონზე. ავტორი შემდეგ ძირითად დასკვნებს აკეთებს: 1. პოსტსაბჭოთა ქვეყნების შიდა პრობლემების ტრანსფორმაციამ საერთაშორისო კონკურენციად შესაძლოა გამოიწვიოს ქაოსი და არ არის საჭირო ქვეყნების დაყენება მკაცრი არჩევანის წინაშე. 2. უკრაინის მოვლენებმა ყველას დაანახა ევროკავშირის პოლიტიკის ნაკლოვანებები პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ასოცირების ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ევროკავშირში შესვლის პერსპექტივას. ამის შესახებ ბრიუსელს არაერთხელ განუცხადებია, რომ სამხრეთ კავკასიის არცერთ ქვეყანას ამგვარი პერსპექტივა არ აქვს. თვით რეგიონში ყველაზე პროდასავლურად ცნობილმა საქართველომაც ვერ მოახერხა ხელშეკრულების ტექსტში შეეტანა პუნქტი ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის შესახებ. 3. რაც შეეხება სომხეთს, თავისუფალი ვაჭრობის ზონის შექმნა განსაკუთრებულ ეკონომიკურ პერსპექტივებს არ სახავს, რადგან ევროპის ბაზარზე შესასვლელად საჭიროა ევროპული სტანდარტების მიხედვით კონკურენტუნარიანი პროდუქცია, რომელიც მას არ აქვს. პოლიტიკური კუთხით, სომხეთის არჩევანი განპირობებულია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფით, რადგან, მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, რეგიონალური გეოპოლიტიკური სიტუაცია უფრო მეტად მოქმედებს სომხეთზე, დახურული საზღვრების გამო.
    სომხეთმა და საქართველომ უნდა გაითვალისწინონ უკანასკნელი მოვლენების შედეგები. ორი მოძმე ხალხის თანამშრომლობა დროის მოთხოვნაა, ის ნაკარნახევია გეოპოლიტიკური და ცივილიზაციის თანამდევი პროცესებით.

     

    გრანი  ქავთარია
    ეტრუსკები და რომაელები

    სტატიაში განხილულია რომის იმპერიის თვალსაჩინო პოლიტიკური მოღვაწის (წარმოშობით ეტრუსკის)  გაიუს ცილნიუს მეცენატის მრავალმხრივი მოღვაწეობის მთავარი სფერო: გავლენა „ოქროს საუკუნის“ რომაული პოეზიის ვარსკვლავებზე. ნაშრომის შესავალ ნაწილში საუბარია ეტრუსკების ურთიერთობაზე გარე სამყაროსთან (საბერძნეთთან და რომთან) და იმ როლზე, რომელიც მათ შეასრულეს რომამდელი პერიოდის იტალიის ისტორიაში.