სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 

სამეცნიერო-საზოგადოებრივი ჟურნალი
„სამი საუნჯე“N2(4), 2012

რეზიუმე

  • გიორგი გოგოლაშვილი, ღვაწლი და წუთისოფელი იაკობ გოგებაშვილისა
  • ლევან ბებურიშვილი,იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკური მოძღვრების ზოგიერთი ასპექტი
  • გვანცა კოპლატაძე,ზოგჯერ თქმა სჯობს
  • მამუკა ცუხიშვილი,დავითგარეჯი
  • ბონდო არველაძე,”სომხეთის ჩრდილოეთის კარიბჭე _ ჯავახქ, ლორი”
  • თინა იველაშვილი, დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის
  • თეიმურაზ ღლონტი, ”ნადიმსა შინა წინამძღვარი”
  • ანზორ თოთაძე, დემოგრაფიული ვითარება და ერის სულიერი ცხოვრება
  • გულბაათ რცხილაძე, რელიგიური წარმოდგენების გავლენა ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე
  • თეიმურაზ ფანჯიკიძე, ხართ კი თქვენ ქართველები?
  • თემურ მირიანაშვილი, მორალური შეფასება დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციებისა
  • გრანი ქავთარია, გნეუს მარციუს კორიოლანუსი
  • გრიგოლ რუხაძე, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ”ცხოვრების” ქართული კიმენური რედაქცია
  • ბორის დარჩია, იოვანე საბანის ძის ერთი მხატვრული სურათის საფუძველი
  • შოთა მათითაშვილი, ქართული ბერმონაზვნობა VI_VIII საუკუნეებში: სირიელი მამები
  •  

    გიორგი გოგოლაშვილი
    ღვაწლი და წუთისოფელი იაკობ გოგებაშვილისა

    ნაშრომი ორი ნაწილისაგან შედგება. აქ წარმოდგენილი პირველი ნაწილი მოგვითხრობს XIX საუკუნის უდიდესი ქართველი მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის ღვაწლზე. ავტორი ცდილობს აჩვენოს, რომ უდიდესია ი. გოგებაშვილის დამსახურება XIX საუკუნეში ქართული ეროვნული სულის გამოღვიძებისა და აღორძინების საქმეში, ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ქართული ეროვნული სასკოლო სისტემის შექმნასა და დამკვიდრებაში. 

     

    ლევან ბებურიშვილი
    იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკური მოძღვრების
    ზოგიერთი ასპექტი

    ქართული სამეცნიერო პედაგოგიკის ფუძემდებლის, იაკობ გოგებაშვილის ინტელექტუალური მემკვიდრეობა მუდამ იყო ქართველ მეცნიერთა თაობების შესწავლის ობიექტი. დღეს კი, თანამედროვე ქართული საგანმანათლებლო სისტემა დაფუძნებულია ზერელე, ექსპერიმენტულ პედაგოგიკურ იდეოლოგიაზე, რომლის მიზანიცაა გაზარდოს ეროვნულ საფუძველს მოწყვეტილი, მხოლოდ ბიოლოგიურ ინტერესებზე ორიენტირებული ახალგაზრდები.

    განსაკუთრებით ღირებულია იაკობ გოგებაშვილის შეხედულებანი აღზრდის პროცესში ეკლესიის ადგილისა და როლის შესახებ და პირველივე კლასიდან ორი ენის პარალელური სწავლების კატეგორიულად მიუღებლობის თაობაზე. იაკობ გოგებაშვილის პედაგოგიკური მოძღვრება ამხელს და ააშკარავებს თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის მანკიერებებს.

     

    გვანცა კოპლატაძე
    ზოგჯერ თქმა სჯობს

    წერილი ეხება საქართველოში ამ რამდენიმე წლის წინ განათლების სისტემაში ჩატარებულ რეფორმას. ავტორის აზრით, რეფორმა დასავლეთის ქვეყნებიდან პირდაპირ, გაუანალიზებლად და, ამასთან, საკუთარ ტრადიციათა და გამოცდილებათა გათვალისწინების გარეშე იქნა გადმოტანილი. შედეგი შეფასებულია ერთი კონკრეტული სახელმძღვანელოს მაგალითზე და გაკეთებულია დასკვნა: საფუძვლიანი ცოდნა, რომელსაც რეფორმამდელი სკოლა იძლეოდა, გარეგნულად გაღრმავებული, მაგრამ სინამდვილეში ზერელე, ინფორმაციული ცოდნითაა შეცვლილი.

     

    მამუკა ცუხიშვილი
    დავითგარეჯი

    სტატიაში გარკვეულია დავითგარეჯის, როგორც საქართველოს ისტორიის ერთიანი შემადგენელი ნაწილისა და როგორც უდიდესი სასულიერო, საეკლესიო, სახელმწიფო და საზოგადოებრივი დანიშნულების სამინასტრო კომპლექსის კუთვნილების საკითხი. ამ თემასთან დაკავშირებული სამეცნიერო შრომების საფუძველზე, საქართველოს თანამედროვე მთავრობის წარმომადგენელთა საპირისპიროდ, გამოტანილია დასკვნა, რომ დავითგარეჯის მთელი სამონასტრო კომპლექსი დღიდან დაარსებისა (VI ს.)  ყოველთვის ეკუთვნოდა და ეკუთვნის საქართველოს როგორც სარწმუნოებრივ-ისტორიული, ისე ტერიტორიული თვალსაზრისით.

     

    ბონდო არველაძე
    "სომხეთის ჩრდილოეთის კარიბჭე _ ჯავახქ, ლორი"

    სტატიაში განხილულია 2010 წელს ერევანში გამოცემული კრებული "სომხეთის ჩრდილოეთის კარიბჭე _ჯავახქ, ლორი", რომელშიც სომეხი ვაიმეცნიერების ცნობილი "ავადმყოფური ისტორიზმის" მიხედვით ძირძველი ქართული ტერიტორიები _ ლორე-ტაშირი, სამცხე-ჯავახეთი, გუგარქი/გოგარენე (ქვემო ქართლი) _ სომხეთის ისტორიულ კუთვნილებად არის გამოცხადებული. სომხურ კრებულში ტენდენციურად, ან სულაც გაყალბებულად, წარმოდგენილი ისტორიული საკითხები ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

     

    თინა იველაშვილი
    დუმილი ყოველთვის ოქრო არ არის

    დღეს დამოუკიდებელ საქართველოში გარკვეული სახელისუფლო ორგანოების შეგნებული მხარდაჭერითა და მიზანმიმართული წაყრუებით უცხოტომელთა მიერ ქართული ისტორიული ძეგლების მითვისება-მიტაცება და დანგრევა-გადაკეთება ჯერ-ჯერობით წარმატებით ხორციელდება; კერძოდ, სტატიაში, მიმოხილულია ახალციხის სამი მართლმადიდებლური ტაძრის ისტორია, რომელთა მისაკუთრებას დღეს სომეხი გრიგორიანები და კათოლიკეები ცდილობენ.

     

    თეიმურაზ ღლონტი
    "ნადიმსა შინა წინამძღვარი"

    ბიბლიურ წიგნში "სიბრძნე ზირაქისა" მოცემულია ნადიმის წინამძღვრის, ანუ თამადის ზნეობრივ კოდექსი, რომელშიც განსაზღვრულია ყველა ის მოთხოვნა, რაც უნდა დაიცვას და შეასრულოს წინამძღვარმა: იყოს თავმდაბალი, მაგრამ ამავე დროს პირველი თანასწორ მეინახეთა შორის, სიტყვამოზომილი, მჭევრმეტყველი და ბრძენი, მზრუნველი თანამეინახეთა შექცევისათვის, ხელის შემწყობი მხიარულებისა, გალობა-სიმღერისა, დამცველი უფროს-უმცროსობის ეტიკეტისა, ამავე დროს მცოდნე ნადიმის დროულად გასრულებისა. მას უნდა შეეძლოს არ დაახანოს და დროულად გასწიოს შინისაკენ, ზომიერება დაიცვას ღვინის სმასა და ქცევაში. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი შინაარსობრივი ფორმა, ფუნქციური დატვირთვა ახასიათებს ქართული სუფრის თამადას. არცერთ მევენახეობა-მეღვინეობის მიმდევარ ხალხს მსოფლიოში ისე არ ჩამოუყალიბებია ზირაქისეული პრინციპები სუფრის წარმართვისა, როგორც ეს საქართველოში მოხდა.

    საქართველო ვაზის ადგილის დედაა, სადაც ღვინის მოხმარების კულტურაც დასაბამიდანვე უნდა ჩამოყალიბებულიყო როგორც ტრადიციული წესი და რიგი სუფრის წარმართვისა. ამდენად, ზირაქის სიბრძნის მატერიალური საფუძველი, შესაძლოა, ქართული სინამდვილიდან მომდინარეობდეს.

     

    ანზორ თოთაძე
    დემოგრაფიული ვითარება და ერის სულიერი ცხოვრება

    ერის სიდიადე მისი რაოდენობით არ განისაზღვრება; მთავარია, მსოფლიო კულტურის საგანძურში რა წვლილი შეაქვს, რით ამდიდრებს იგი საკაცობრიო მემკვიდრეობას. ქართველმა ერმა თავისი არსებობის განმავლობაში განუმეორებელი, თვითმყოფადი ეროვნული კულტურა შექმნა და თავისი წვლილი, თავისი ხელწერა შეიტანა კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარებაში.

    ნაშრომში განხილულია თანამედროვე დემოგრაფიული ვითარება საქართველოში და ერის სულიერი ცხოვრების საკითხები. მე-20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ერი ფიზიკური გადაშენების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ქვეყანაში უაღრესად შემცირდა შობადობა, გაიზარდა სიკვდილიანობა, მატულობს ერთშვილიანი ოჯახების რიცხვი, მოსახლეობა დემოგრაფიულად ბერდება. ეს პროცესი განსაკუთრებით გამოიკვეთა უკანასკნელ წლებში. საკმარისია ითქვას, რომ 1980-1989 წლებში, ათ წელიწადში საქართველოში დაიბადა 455 ათასი გოგონა, ხოლო უკანასკნელ ათწლეულში _ 2000-2009 წლებში _ 236 ათასი.

    ქვეყანაში დემოგრაფიულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ის გარემოება, რომ ქართველების ცხოვრების წესში შემოიჭრა სრულიად უცხო მანკიერი ტენდენციები. გარეშე და გარკვეული შინაური ძალები გამიზნულად უწევენ პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ტელევიზიის მეშვეობით, ძალადობას, მკვლელობას, აღვირახსნილ და აღრეულ სქესობრივ ურთიერთობებს; შესაბამისად დასცინიან ტრადიციებს, ადამიანურ გრძნობებს, ქართულ სულიერ მემკვიდრეობას, ცდილობენ ახალგაზრდობას ცხოვრების აზრად უქციონ სექსი და ჭამა. ძველი ბერძენი ფილოსოფოსი დემოკრიტე სექსს დროებით გაბრუებას უწოდებდა, ახლა კი სურთ ყველა გაბრუებული იყოს და არა მხოლოდ დროებით.

    ნაშრომში გაშუქებულია განათლებისა და კულტურის კერების, წიგნების, ჟურნალებისა და გაზეთების ტირაჟის არნახულად შემცირების საკითხები. მაგალითად, 1989 წელს საქართველოში 4300 მასობრივი ბიბლიოთეკა არსებობდა, 2007 წელს კი _ 672. 1988-2005 წლებში წიგნებისა და ბროშურების ტირაჟი _ 23,5 მილიონიდან 0,3 მილიონ ეგზემპლარამდე შემცირდა, ჟურნალებისა და სხვა პერიოდული გამოცემების წლიური ტირაჟი _ 30,5 მილიონიდან 1,1 მილიონ ეგზემპლარამდე, გაზეთების წლიური ტირაჟი _ 790 მილიონიდან 17,9 მილიონამდე და ა. შ.

    ნაშრომში ხაზგასმითაა აღნიშნული პრობლემების გადაჭრის აუცილებლობის შესახებ. რაც მთავარია, სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს საქართველოს დემოგრაფიული განვითარების პროგრამა, რომელიც ქვეყნის სოციალური განვითარების პროგრამის შემადგენელი ნაწილი იქნება.

     

    გულბაათ რცხილაძე
    რელიგიური წარმოდგენების გავლენა
    ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაზე

    წინამდებარე სტატია წარმოადგენს ამავე ავტორის მიერ შედგენილი და 2008 წელს გამოცემული კრებულის „ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის საფუძვლები ამერიკელი და ევროპელი ავტორების მიხედვით – დასკვნები საქართველოსთვის“ გადამუშავებულ ნაწყვეტს.

    სტატიაში გამოყენებულია მდიდარი ლიტერატურა, რომლის საფუძველზე დაწვრილებით არის წარმოდგენილი ამერიკული საზოგადოების რელიგიური თავისებურებები და ამ რელიგიური შეხედულებების ზეგავლენა ამერიკული სახელმწიფოს საგარეო-პოლიტიკურ კურსზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობათ ე.წ. ევანგელისტებს, რომლებიც გავლენას ახდენდნენ პრეზიდენტ რეიგანსა და მის მომდევნო რესპუბლიკურ ადმინისტრაციებზე. შეერთებული შტატების მიერ ისრაელის უპირობო მხარდაჭერა ნებისმიერ ვითარებაში, ასევე მისი აგრესიული დამოკიდებულება ირანის ისლამური რესპუბლიკის მიმართ მნიშვნელოვანწილად სწორედ ზემოხსენებული რელიგიური შეხედულებებით, აშშ-ში ისრაელური ლობის მუშაობით არის განპირობებული.

    სამწუხაროდ, ამერიკული საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც რელიგი-ურობის თვალსაზრისით, კონსერვატულია, გავლენას ვერ ახდენს აშშ-ის საგა-რეო პოლიტიკაზე, რომელსაც ის მისი გავლენის სფეროში შემავალ ქვეყნებში აწარმოებს და რომელიც ჰომოსექსუალიზმისა და სხვა ანტირელიგიური მოვლენების მხარდაჭერისკენ არის მიმართული (მაგალითად, აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიერ ე.წ. გეი-აღლუმების ღია მხარდაჭერა თბილისსა და რიგაში, ამა წლის მაისში). მთლიანობაში გამოტანილია დასკვნა, რომ ისრაელის უპირობო მხარდაჭერის ამერიკული პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს, რაც სახიფათოა საქართველოსთვის, განსაკუთრებით ირანის პრობლემის კონტექსტში. არანაკლებ საშიშია საქართველოსთვის აშშ-ის პოლიტიკა, მიმართული ზემოთ აღნიშნული ანტირელიგიური მოვლენების მხარდასაჭერად.

     

    თეიმურაზ ფანჯიკიძე
    ხართ კი თქვენ ქართველები?

    პუბლიკაცია წარმოადგენს სიტყვას, რომელიც წარმოთქმულ იქნა 2011 წელს "იეჰოვას მოწმეების" დენომინაციის წევრებთან შეხვედრაზე. იგი ეხება რელიგიურობისა და ეროვნულობის ურთიერთმიმართებას საქართველოს რელიგიურ სივრცეში; იმის გარკვევას, თუ რამდენად უწყობს ან უშლის ხელს ესა თუ ის უცხო ნიადაგზე წარმოშობილი რელიგიური მიმართულება (ამ შემთხვევაში "იეჰოვას მოწმეები") ეროვნულ იდენტობას.

     

    თემურ მირიანაშვილი
    მორალური შეფასება დასავლური
    და აღმოსავლური ცივილიზაციებისა

    სტატიაში უარყოფილია გაბატონებული შეხედულება იმის თაობაზე, რომ დასავლური (კათოლიკურ-პროტესტანტული) ცივილიზაცია, განსხვავებით აღმოსავლური (მართლმადიდებლური) ცივილიზაციისაგან ოდითგანვე გამო-ირჩეოდა იმანენტური ჰუმანიზმით. ეს შეხედულება, რომელიც, ისტორიული ფაქტებიდან გამომდინარე, სრულიად უსაფუძვლოა, დასავლური პროპაგანდისა და პიარის მეშვეობით ინერგება. მაგალითად, აღმოსავლეთთან შედარებით, დასავლეთის ჰუმანურობის დასასაბუთებლად, ხშირად იხმობენ აღმოსავლეთში სიკვდილით დასჯის გაცილებით მეტ შემთხვევებს ვიდრე დასავლეთში, რაც სრულიადაც არ შეესაბამება სინამდვილეს.

    ავტორი ფაქტებით ასაბუთებს, რომ სიმათლე აქ ზუსტად 180 გრადუსითაა შებრუნებული. მართლმადიდებელ სამყაროში გაცილებით ადრე გაჩნდა სიკვდილით დასჯის გაუქმების მომთხოვნი თეორიებიც, მორატორიუმიც სიკვდილით დასჯაზე და მისი სრულიად აღმკვეთი კანონიც.

    ავტორი სხვა ანტიჰუმანურ დანაშაულებსაც ეხება და ამტკიცებს, რომ სხვებთან შედარებით კათოლიკურ-პროტესტანტულ ცივილიზაციაში ყველაზე მეტი სისასტიკეა გამოვლენილი.

     

    გრანი ქავთარია
    გნეუს მარციუს კორიოლანუსი

    გნეუს მარციუს კორიოლანუსის მოღვაწეობაში გამოკვეთილად ჩანს რომის მიერ იტალიის დაპყრობის პირველი ნაბიჯები. დიდი ყურადღება აქვს დათმობილი პლებეებისა და პატრიციების დაპირისპირების ამსახველ ეპიზოდებს, რომელსაც შედეგად მოჰყვა რომის თავისუფალი მოსახლეობის (პლებეების) უფლებების გაფართოება. პარალელურად ხაზგასმულადაა წარმოდგენილი რომაელ ქალთა (განსაკუთრებით კორიოლანუსის დედის, ვოლუმნიას) პატრიოტული სულისკვეთება: მან რომის დამხობას შვილის გაწირვა ამჯობინა.

     

    გრიგოლ რუხაძე
    წმიდა მაქსიმე აღმსარებლის "ცხოვრების"
    ქართული კიმენური რედაქცია

    სტატიაში განხილულია სათაურში დასახელებული თხზულება, რომელიც ბერძნულად დაწერილია თევდოსი ხუცესის მიერ, მოკლე ხანში VI მსოფლიო კრების (680 წ.) ჩატარებიდან, და ქართულად თარგმნილია წმ. ექვთიმე მთაწმინდელის (ათონელის) მიერ არაუგვიანეს 1005 წლისა.

    აღნიშნული "ცხოვრების" კრიტიკულად დადგენილი ტექსტი 1918 წელს გამოაქვეყნა პროფ. კ. კეკელიძემ, რომელიც დღემდე ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად რჩება.

    სტატიაში გამოყოფილია ქვეთავები: ჰერაკლე მეფე და მაქსიმე აღმსარებელი, სარწმუნოება და აღსარება, ეკლესია და სახელმწიფო, ღმრთის წინასწარცნობა და განჩინება (განგება), და საღმრთისმეტყველო განსაზღვრებანი, რომლითაც განსაკუთრებით მდიდარია წმ. მაქსიმე აღმსარებლის `ცხოვრების~ ეს კიმენური რედაქცია.

     

    ბორის დარჩია
    იოვანე საბანის ძის ერთი მხატვრული სურათის საფუძველი

    ნაშრომში განხილულია იოვანე საბანის ძის "ჰაბოს მარტვილობაში" დახატული ერთი უჩვეულო მხატვრული სურათი: როცა ამირასთან დასასჯელად მიჰყავთ ჰაბო, გზაში ის, როგორც გარეშე თანმხლები პირი, ისე ხედავდა თავის გარდაცვლილ, მკვდარ სხეულს. მკვლევარის დასკვნით, ამ წარმოსახვით შექმნილ სურათს საფუძვლად გარკვეულწილად რეალობა უძევს.

     

    შოთა მათითაშვილი
    ქართული ბერმონაზვნობა VI_VIII საუკუნეებში:
    სირიელი მამები

    VI საუკუნიდან სრულიად ახალი ეტაპი იწყება ქართული ბერმონაზვნობის ისტორიაში. ეს ახალი ეტაპი, ავტორის აზრით, VI-VIII საუკუნეებს მოიცავს და სამონასტრო ტრადიციის ფართო გავრცელებითა და შემდგომი განვითარებით ხასიათდება. VI საუკუნის ორმოციან წლებში საქართველოში შემოდიან სირიელი ბერები, რომლებიც აქ აარსებენ მძლავრ სამონასტრო ცენტრებს. ეს სამონასტრო ცენტრები იმთავითვე იქცნენ ქართული ასკეტური მოძრაობისა და ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს კერებად. ასურელი მამების ღვაწლით ქართულმა მონასტრულმა ცხოვრებამ მკაცრად ორგანიზებული სახე შეიძინა და იმდროინდელი ქართლის სამეფოს თითქმის ყველა კუთხეში გავრცელდა. ასურელი მამების საქართველოში მოღვაწეობა კიდევ ერთი საყურადღებო ფურცელია ქართულ-სირიული საეკლესიო ურთიერთობათა ისტორიიდან. ამ სახელგანთქმული ბერების დამსახურება განუზომელია საქართველოსა და ქართული ეკლესიის წინაშე.