სინერგია
head
 
 
ს ი ნ ე რ გ ი ა

Print

 
Untitled Document
       
 
  Untitled Document

 


ახალი წიგნი

 

 

 

 

 
Untitled Document

1999 წლის ქრონიკა

    შალვა ფაჩულია (პოლიტოლოგი): პრეზიდენტ ჯ. ბუშის კიევში გახმაურებული ვიზიტისას, როდესაც მან არა მარტო დემონსტრატიულად დაუჭირა მხარი სსრ კავშირის არსებობის შენარჩუნებას, არამედ უკრაინელთა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასაც (მათი სახით კი, ცხადია, სხვებსაც) მკაცრად დაუცაცხანა − აქაოდა, სსრ კავშირისაგან უკრაინის გამოყოფაზე ფიქრი როგორ გაბედეთო... პარალიზებული, მომაკვდავი სსრ კავშირის დღეები დათვლილი იყო, მის დაშლამდე სულ რაღაც „ხუთი წუთიღა“ რჩებოდა. და გამსახურდიას ხელისუფლებას რომ მანამდე მოეთმინა (რაც საქართველოს თავისთავად მისცემდა დამოუკიდებლობას), ქვეყანა უამრავ უბედურება-გაჭირვებას ასცდებოდა და, ალბათ, თავად ეს ხელისუფლებაც გადარჩებოდა... პრინციპში, გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა დასავლეთსაც აძლევდა ხელს და რუსეთსაც, რის გამოც, გამორიცხული არაა მათი რაიმე ფორმით მონაწილეობა ამ საქმეში... მართალია, სურვილის შემთხვევაში, დასავლეთსა და რუსეთს შეეძლოთ აქტიურად ჩარეულიყვნენ თბილისის 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენებში და გამსახურდიას ხელისუფლება ეხსნათ, მაგრამ იგი, როგორც ჩანს, არც ერთს ესაჭიროებოდა და არც მეორეს: რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, ორივე მათგანი პოლიტიკურ ფსონს უკვე ზ. გამსახურდიასაგან სრულიად განსხვავებულ პიროვნებაზე იყო ჩამოსული. ხოლო, საბოლოო ჯამში, თუ რომელ მხარეს გაუმართლებს ეს „ფსონი“, როგორც იტყვიან, დარჩენილი დრო გვიჩვენებს. იგი კი, პრინციპში, ბევრადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ნუვორიშთა უკვე საგრძნობლად გაფართოებულ, მაგრამ შინაგანი წინააღმდეგობით გახლეჩილ სოციალურ დაჯგუფებაში რომელი ფრთა გაიმარჯვებს, − მეწარმეებისა თუ კომპრადორული ბურჟუაზიის“ („საქ. რესპ“. 22 იანვარი, 1999).TK

    ილია II: „საოცარია ურთიერთობა ღვთისმეტყველებასა და მეცნიერებას შორის. ეს უძველესი საკითხია. ამაზე მსჯელობდნენ ქრისტეშობამდე და განსაკუთრებით პირველ საუკუნეებში. რა არის პირველადი − რწმენა თუ ცოდნა. სხვადასხვა მეცნიერი, სხვადასხვა ღვთისმეტყველი თავის აზრს გამოთქვამს, მაგრამ მე მინდა მოვიყვანო კლიმენტი ალექსანდრიელის აზრი, რომ პირველადი მაინც რწმენაა. ის ამბობს, რომ აქსიომა, ეს უკვე რწმენაა. ის რაც არ საჭიროებს მტკიცებას, ეს არის უკვე რწმენა. და აი, ამ რწმენაზე დაფუძნებული უნდა იყოს მეცნიერება. ორივე საჭიროა, ორივე აუცილებელია“ („თბ. სასულიერო აკადემია და სემინარია“. იანვარი, 1999).TK

    1998 წლის 5 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიის დაარსების 10 წლისთავი აღინიშნა („თბ. სასულიერო აკადემია და სემინარია“. იანვარი, 1999).TK

    სპარტაკ ქობულია: „გუშინ საქართველოს ეროვნული თანხმობის დარბაზის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელიც ზვიად გამსახურდიას დაბადების 60 წლისთავს და ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ 1991 წლის საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის მე-8 წლისთავს მიეძღვნა. ეროვნული თანხმობის დარბაზის წევრმა, საქართველოს რეფორმატორთა კავშირის თავმჯდომარემ ბაკურ გულუამ მემატიანის სიზუსტით და პირდაპირობით მოუთხრო შეკრებილთ 1991-92 წლის მოვლენებზე, ზვიად გამსახურდიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის უცნობ დეტალებზე, მესამე ძალის გამთიშველ პოლიტიკაზე და ერის დღევანდელ უმთავრეს მიზანზე − საერთო ეროვნული თანხმობით გადავარჩინოთ საქართველოს მომავალი... ეროვნული დარბაზის წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა − ვახტანგ ბოჭორიშვილმა, რუსუდან ბერიძემ, გიორგი გაჩეჩილაძემ, რომან გვენცაძემ, აკაკი სიხარულიძემ, გელა ჩორგოლაშვილმა და სხვებმა გულახდილად ისაუბრეს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ თვალსაჩინო, მაგრამ ტრაგიკული პიროვნების, სამშობლოს დიდი პატრიოტის ზვიად გამსახურდიას წვლილზე ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში“ („საქ. რესპ“. 31 მარტი, 1999).TK

    მამუკა გიორგაძე (სახალხო პარტიის თავმჯდომარე): „ზვიად გამსახურდიამ დიდი როლი შეასრულა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში, მაშინ, როდესაც ჩვენ ყველანი ერთად ვიყავით, ზვიადი ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა იყო. მას ვერავინ დაუკარგავს ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტების განხორციელებას, როგორიც იყო 31 მარტის რეფერენდუმი და 9 აპრილის დამოუკიდებლობის დეკლარაცია... მოგვიანებით განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა და ძმათამკვლელმა ომმა (რომელსაც საფუძვლად მრგვალი მაგიდის შიგნით მომხდარი განხეთქილება დაედო), ნათლად დაგვანახა, რომ მხოლოდ კეთილშობილური იდეები და პატრიოტიზმი საკმარისი არ არის ისეთი მძიმე ტვირთის ასაწევად, რასაც სახელმწიფოს მართვა ჰქვია... ზვიადის გარემოცვა, რომელიც იმთავითვე ამორფულ, განსხვავებული შეხედულებებისა და ზნეობის პირთა გაერთიანებას წარმოადგენდა, სახელმწიფო მმართველობის კრიზისის მთავარ ფაქტორად იქცა“ („საქ. რესპ“. 31 მარტი, 1999).TK

    მიხეილ ნანეიშვილი (ლიბერალურ-დემოკრატიული ეროვნული პარტიის თავმჯდომარე): „კომუნისტურ პერიოდში ზვიად გამსახურდიამ დიდი როლი შეასრულა ეროვნული მოძრაობის აღორძინების საქმეში, რაშიც მას გვერდში ედგა მერაბ კოსტავა, რომლის როლიც, ასევე, არანაკლები იყო. მაგრამ, მას შემდეგ, რაც გამსახურდია დააპატიმრეს და საჯაროდ მოინანია თავისი დანაშაული საბჭოთა ხელისუფლების მიმართ, მისი ავტორიტეტი ჩვენს საზოგადოებაში, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, აშკარად შეილახა. ასეთი შთაბეჭდილების შემუშავებაში, რა თქმა უნდა, დიდი როლი შეასრულა კოსტავას სრულიად საპირისპირო ქცევამ, რამაც ეს ადამიანი უკვე მაშინვე აქცია ეროვნულ გმირად... მერაბ კოსტავას დაღუპვამ ზვიად გამსახურდიას, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხელები გაუხსნა და ამიერიდან იგი ეროვნულ მოძრაობაში მოქმედებდა, როგორც გარკვეული ავტორიტარული მეთოდების დამნერგავი. მთელი მისი მოქმედება მიმართული იყო იქითკენ, რათა ეროვნული მოძრაობა დიქტატის ქვეშ მოექცია... უნდა ითქვას, რომ გამსახურდიამ თავისი პრეზიდენტობის დროს, ძალიან მძიმე შეცდომები დაუშვა − კერძოდ, ეთნოკონფლიქტებთან დაკავშირებით, რამაც საქართველოს საზღვარგარეთ ძალიან ცუდი რეპუტაცია შეუქმნა... მას შემდეგ, რაც გამსახურდიას ხელისუფლება დაემხო, იგი ჩეჩნეთში გახიზნული განაგრძობდა ისეთ მოქმედებას, რომელიც აშკარად ძირს უთხრიდა საქართველოს დამოუკიდებლობას... საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების გამო მე ჩვენს ახლანდელ პრეზიდენტს ოპოზიციაში ჩავუდექი, მაგრამ აქვე უნდა ვაღიარო, რომ დსთ-ში ჩვენი გაწევრიანება იძულებითი ნაბიჯი იყო. ეს იმ დროს მოხდა, როცა პრეზიდენტყოფილის ცნობილი ლაშქრობა საქართველოს ახალი სამოქალაქო ომით ემუქრებოდა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა ჯეროვნად უნდა გაითვალისწინონ მათთვის სათაყვანებელი პრეზიდენტის ამ პოლიტიკური აქციის მნიშვნელობა, რომლის გამოც საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა საქართველო დსთ-ში შეეყვანა... ჩემი ზოგადი შეფასება გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობისა, განსაკუთრებით მაშინ, როცა იგი ხელისუფლების სათავეში მოვიდა, არის უკიდურესად უარყოფითი. ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო და შავბნელ ხანად მივიჩნევ“ („საქ. რესპ“. 31 მარტი, 1999).TK

    აკაკი ასათიანი (ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე): „ზვიადი მეტად თავისებური მოვლენა იყო. ნურავინ ნუ დაადანაშაულებს მას იმაში, თუ რატომ გახდა „მესია“. მან მეტად მძიმე მისია იტვირთა და ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა... ყველამ იცოდა, რომ ზვიადი ადრეული ასაკიდან იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისათვის, რისთვისაც დევნიდნენ. საზოგადოებრიობამ, ყოველ შემთხვევაში მისმა გარკვეულმა ნაწილმა, მას ცნობილი მონანიებაც აპატია, იმიტომ რომ, როცა მისი თანამემამულეები რესტორნებში ქეიფობდნენ, იგი იდევნებოდა. ვფიქრობ, მისთვის საყვედური მხოლოდ იმას შეეძლო ეთქვა, ვისაც მასზე მეტი ჰქონდა გაკეთებული. ასეთი კი მხოლოდ მერაბ კოსტავა იყო და ისიც გვერდში ამოუდგა... ზვიად გამსახურდია პოლიტიკური ლიდერი იყო და არა სახელმწიფოს მეთაური. საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიტერანმა ერთი ქართველი ემიგრანტის პირით შემოუთვალა, არ შეიძლება პრეზიდენტი მიტინგებს მართავდესო“ („საქ. რესპ“. 31 მარტი, 1999).TK

    თემურ მასხულია: „იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ცნობილი იყო, შ. კვირაიას ხელმძღვანელობით პირთა ჯგუფის მიერ 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტის ინსცენირების ფაქტი, რაზეც დაკავებისთანვე ოფიციალურად განვუცხადე გამოძიებას, შ. კვირაია იძულებული გახდა ჩემთვის ეს ბრალდება მოეხსნა და გაენადგურებინა გამოძიებისათვის მიცემული ჩემი 10-მდე ჩვენება 1995 წლის 29 აგვისტოს ტერაქტთან დაკავშირებით... შ. კვირაია საბჭოთა კავშირის დროს იყო სახელმწიფოს უშიშროების კომიტეტის მესამე სამმართველოს აგენტი და ამჟამად არის რუსეთის საგარეო დაზვერვის, კერძოდ, გენერალ ერინის აგენტი, რასაც ადასტურებს მისი ბოლოდროინდელი ვიზიტი მოსკოვში და შეხვედრები რუსეთის სპეცსამსახურების „ბოსებთან“... ჩემი უდანაშაულობა ნიშნავს ე. შევარდნაძის გარემოცვის დამნაშავეობას ჩემი კონსტიტუციური უფლებების ხელყოფაში... ჩემი დაპატიმრების დღიდან მე ვცდილობდი არა თავის მართლებას იმ ბინძურ ბრალდებებში, რაც უშიშროების სამინისტრომ წამომიყენა, არამედ იმის მიღწევას, რომ თქვენსა და „ოტარიდელთა“ წინაშე პირნათელი ვყოფილიყავი“ („ლიტ. საქ“. 2-9 აპრილი, 1999).TK

    საპატრიარქოს განცხადება: „საქართველოს საპატრიარქო გამოთქვამს გულისტკივილს 3 მაისს რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემის გამო, სადაც გატარებული იყო აზრი იმის შესახებ, თითქოს დაპირისპირებამ ეკლესიას და სახელმწიფოს შორის კულმინაციას მიაღწია, რომ განსხვავებული შეხედულების გამო კათოლიკოს-პატრიარქი არ მივიდა პარლამენტის სხდომაზე და სხდომა ჩაიშალა, რომ საპატრიარქოს ინიციატივით უნივერსიტეტის წინ სტუდენტთა საპროტესტო გამოსვლას ჰქონდა ადგილი... მიგვაჩნია, რომ  აღნიშნული საკითხის ირგვლივ შექმნილი ვაკუუმი ისედაც იწვევს ხალხის გაღიზიანებას. ამგვარი განცხადებები კი ხელს უწყობს სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვას, რაც გაუთვალისწინებელი შედეგებისკენ უბიძგებს საზოგადოებას“ („საქ.რესპ.“ 5 მაისი, 1999).GK

    საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც უარყოფილია ზოგიერთი საინფორმაციო წყაროს ცნობა იმის თაობაზე, რომ ბატონმა გრეგორ გუროფმა განძის გატანის საკითხი თითქმის ორი წლის წინათ შეათანხმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან... „ქართული ხელოვნების ნიმუშების გატანაზე გუროფმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ზეიმზე ზოგადად მართლაც უთხრა ამის თაობაზე კათოლიკოს-პატრიარქს, მაგრამ საერთოდ არ ჩაუყენებია საქმის კურსში, თუ რა სახის განძზე და გამოფენაზე იყო საუბარი. სამწუხაროდ, მისი უწმინდესობისა და საქართველოს საპატრიარქოსათვის, ისევე როგორც ფართო საზოგადოებისთვის, დღესაც კი უცნობია როგორც გასატანად გამზადებული ნივთების სია, ასევე უცხოელთა მიერ შემოთავაზებული პირობების და მოლაპარაკებების შედეგები,“ − ნათქვამია განცხადებაში („საქ.რესპ.“ 18 მაისი, 1999).GK

    საქართველოდან ეროვნული საგანძურის გატანის საკითხი სტუდენტთა შიმშილობის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს, მიაჩნია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგეს რისმაგ გორდეზიანს. მისი თქმით, ამ საკითხის გადაწყვეტისას მხოლოდ სპეციალისტების აზრია გასათვალისწინებელი. გორდეზიანის აზრით, სტუდენტების აღელვება ინფორმაციის ნაკლებობამ განაპირობა. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ მოშიმშილე სტუდენტებზე გარკვეული პოლიტიკური ძალები ზეგავლენას ახდენენ („საქ.რესპ.“ 19 მაისი, 1999).GK

    სოზარ სუბელიანი: „რუსეთის ეკლესია ძალიან ხშირად და ძალიან უცერემონიოდ ერევა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის საქმეებში, მათ შორის, პოლიტიკური მიზნითაც... საქართველოს ეკლესია რომ გამონაკლისი არ არის, ამას კონსტანტინეპოლის მთავარი ეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ბართლომე I ადასტურებს: „მოსკოვის საპატრიარქოს კანონსაწინააღმდეგო დაუდევრობანი და დამპყრობლური ქმედებანი საკუთარი იურისდიქციის მიღმა ხშირად ძაბავს მოსკოვის საპატრიარქოს ურთიერთობებს სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან და კონსტანტინეპოლის დედა ეკლესიასთანაც“... მართლმადიდებლობისთვის დემოკრატია არა თუ არ შეიძლება მიუღებელი იყოს, პირიქით, ყველაზე მისაღები ფორმაციაა. დემოკრატიის საფუძველი სწორედ ქრისტიანობაა... ჟურნალ „ივერიის გაბრწყინების“ რედაქტორი გიორგი გაბაშვილი წერს: „დასავლური სული არის სული ცოდვის, ხრწნილებისა და ღვთისმბრძოლობის... ჩვენ აპოკალიფსურ დროში ვცხოვრობთ: ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესიის წინააღმდეგ მთელი მძვინვარებით აღსდგა ჯოჯოხეთიდან გამოშვებული სატანა თავისი დემონური იერარქიითა და გადაბირებული კაცობრიობით. ჩვენ უკვე მიჯრით მივადექით ანტიქრისტეს მეუფების ეპოქას, როდესაც მართლმადიდებელთა სისხლი კოკისპირულ წვიმებად დაიღვრება მთელ მსოფლიოში. სექტანტების თავდასხმა საქართველოზე ჩვენი ეკლესიის მომავალი დევნილების პრელუდიაა. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ: მწვალებელთა ინტერვენცია სტიქიური მოვლენა არ გახლავთ, ის დაგეგმილია დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ და ხორციელდება თავის მკაცრი განრიგით“... ეკლესიის მრავალ წევრს სწამს და სჯერა ამ „მთელი პასუხისმგებლობით გაცხადებული“ ბოდვის... ეკლესია კი ამ ბოდვას ოფიციალურ შეფასებას არ აძლევს. არ ჩანს ეკლესიის პოზიცია, არ განიმარტება, რას ფიქრობს ეკლესია ყოველივე ამის შესახებ. არ განიმარტება, რომ მეორედ მოსვლის ჟამი დაფარულია და არავინ იცის მისი დრო და ჟამი და, ცხადია, არ იცის გიორგი გაბაშვილმაც. როდესაც ასეთი ანტიქრისტიანული ბოდვა უპასუხოდ რჩება, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამ აზრს საპატრიარქოც იზიარებს... საპატრიარქო მრავალი წლის განმავლობაში უპასუხოდ ტოვებდა ეკლესიის წიაღში მიმდინარე ანტიეკუმენისტურ ისტერიას, ისე, რომ არ აფიქსირებდა თავის პოზიციას. საბოლოოდ, პოზიციის დაუფიქსირებლობამ ეკლესია ლამის სერიოზულ განხეთქილებამდე მიიყვანა... საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ორგანიზაცია, დემოკრატიულ სახელმწიფოს დახმარებას სთხოვს ისეთ სფეროებში, როგორიცაა სექტანტებთან ბრძოლა, არატრადიციული კონფესიების აკრძალვა, მოითხოვს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარებას შესაბამისი პრივილეგიების მიცემით და მეტიც − მართლმადიდებლობის სახელმწიფოებრივ იდეოლოგიად გამოცხადებას... სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პარლამენტში წარმოთქმულ სიტყვაში სექტების შესახებ ბრძანა: „ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ეკლესიის გადასაჭრელი პრობლემაა. არა, ბატონებო, ეს, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოს გადასაჭრელი საკითხია“. პატრიარქმა სამაგალითო ნიმუშად სომხეთი და აზერბაიჯანი მოიყვანა, სადაც კანონით იქნა აკრძალული ან შეზღუდული სექტების მოღვაწეობა. ჯერ ერთი, სომხეთი და აზერბაიჯანი არ წარმოადგენენ დემოკრატიის სანიმუშო ქვეყნებს. ისინი მართლმადიდებელს არც ჭეშმარიტი სარწმუნოების ეტალონად გამოადგება. თანაც, გაუგებარია, როგორ უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო მის ხელთ არსებული იარაღით (პოლიცია, უშიშროება და ა.შ.) ქადაგებას! თუ ლაპარაკია სექტების დევნასა და აკრძალვაზე, ამით მართლმადიდებლობა ვერაფერს მოიგებს. მეტიც, მდევნელის როლში, თუნდაც ეს სახელმწიფოს დახმარებით განხორციელდეს, ეკლესია უთუოდ დაკნინდება სულიერად, დევნილები კი, პირიქით, დევნილის გვირგვინის მოპოვებით საზოგადოების თვალში აშკარად მოგებული დარჩებიან... საფუძველშივე მიუღებელია ნებისმიერი მოთხოვნა, რომ მართლმადიდებლობა გახდეს სახელმწიფო იდეოლოგია ან ამ იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილი, ხოლო რაც შეეხება ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთიანობას, ეს საკმაოდ საშიში იდეაა, რადგან იგი პრაქტიკაში აუცილებლად გამოიწვევს სარწმუნოების იდეოლოგიად ქცევას და ეკლესიის საქმეებში სახელმწიფოს ჩარევას“ („კავკასიონი“. 9-15 ივნისი, 1999).TK

    თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრი: „სააქციო მარკების შემოღების შემდეგ სიგარეტი მიატოვა მწეველთა 17 პროცენტმა, მაგრამ ერთ თვეში უმრავლესობამ ისევ დაიწყო მოწევა და გადაწყვეტილების ერთგული დარჩა მხოლოდ 3 პროცენტი“ („კავკასიონი“. 9-15 ივნისი, 1999).TK

    დეკანოზი ბასილ კობახიძე: „დასავლური კულტურა და ცხოვრების წესი არის ღრმად ქრისტიანული...დასავლეთიდან წამოსული იდეებისა თუ სხვადასხვა კულტურული ფასეულობების უმრავლესობა არის დადებითი და ქრისტიანული... დასავლეთის პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილი ცდილობს, ახლადგათავისუფლებულ ქვეყნებს, მაგალითად საქართველოს, თავს მოახვიოს განყოფა საზოგადოებასა და ეკლესიას შორის, რაც თვით ევროპის ქვეყნებშიც არ ხორციელდება პრაქტიკულად. თუ ჩვენთან მიაღწევენ ამას, ეს იქნება, უპირველეს ყოვლისა, ეკლესიის ბრალი, სასულიერო პირთა ბრალი, რომლებიც ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, ხშირად გამოთქვამენ დადებით და სწორ აზრებს, მაგრამ ისეთი ფორმით, რომ ეს აზრი ხდება მიუღებელი... უარყოფით შედეგებს მოიტანს როგორც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, ისე ეკლესიის სრული განდევნა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან... ერთადერთი გარანტია, რომ ეკლესია ბრძნულად განახორციელებს თავის პოლიტიკას, შეიძლება იყოს მხოლოდ სასულიერო პირთა მაღალი ზნეობა და ინტელექტუალური დონე... დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიაში არის ბევრი დადებითი, რის საფუძველშიც სწორედ ქრისტიანობაა. დასავლურ ლიბერალურ დემოკრატიაში ერთ-ერთი უმთავრესი არის ის, რომ უზენაეს ფასეულობად მიჩნეულია პიროვნება. ის, რომ პიროვნების უფლებები უნდა იყოს დაცული, არის მთლიანად ქრისტიანული პრინციპი... რაც შეეხება ჰომოსექსუალისტებს, ისინი იყვნენ კომუნისტების პერიოდში, არიან ახლაც. ამერიკაში და ევროპაში ქრისტიანი თეოლოგების მიერ დამუშავებულია სპეციალური ლიტერატურა, შექმნილია სპეციალური ცენტრები, სადაც ასეთ ადამიანებს ეხმარებიან იმ გაგებით, რომ ეს სენი დაძლიონ... მათ, ისევე როგორც სხვა ადამიანებს, აქვთ ადამიანური უფლებები, ისინი არიან ღვთისშვილები, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან ამგვარ მდგომარეობაში... იმდენად არ არის საშიში სექტანტური მოღვაწეობა თუ სხვა მსგავსი ფენომენები, როგორც ის უფსკრული, რომელიც ნელ-ნელა იზრდება საქართველოს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის და, კერძოდ ეკლესიასა და ინტელიგენციას, ეკლესიასა და ახალგაზრდობას შორის... სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე რელიგიური ქვეყანა მსოფლიოში არის ამერიკა − ყველაზე მეტი ქრისტიანი ესწრება წირვას კვირაობით“ („კავკასიონი“. 9-15 ივნისი, 1999).TK

    ჯანსუღ ჭყონია: „ედუარდ შევარდნაძე ახალ-ახალ კავშირებს აბამდა დასავლეთთან. რუსეთს ეს არ მოსწონდა და მისი დასჯა გადაწყვიტა: ჩამოიყვანა გამსახურდია, შევარდნაძეს დაუპირისპირა, დაჰპირდა სკამის დაბრუნებას, და სული მიაყიდვინა. გამსახურდია მისი ქვეყნის წინააღმდეგ, მტერთან ალიანსში შევიდა. მაგრამ რუსეთი რა რუსეთია, თუ ქართველი არ მოატყუა. ასე შევიდა საქართველო დსთ-ში, ასე ჩააყენა რუსმა ჯარი საქართველოს დასაყოფად. ე. შევარდნაძის შეცდომებმაც დიდი როლი შეასრულა ამ უბედურებაში. მაგრამ ის იყო შეცდომები, ზოგჯერ იძულებითი შეცდომები, მაგრამ არა ღალატი, არა წინასწარგამიზნული ქმედება, არა ქვეყნის გაყიდვა“ („საქ. რესპ“. 23 ივნისი, 1999).TK

    რობერტ ბარაბაძე: „ყველა ქართველს ძვალსა და რბილში აქვს გამჯდარი განუმეორებელი თვისება − სტუმართმოყვარეობა და თავისი ნახელავის სხვის წინაშე ღირსეულად წარმოჩენა. მით უმეტეს, როდესაც ექსპონატების დაბრუნება და ხელშეუხებლობა გარანტირებულია. ვინც ეწინააღმდეგება ქართული კულტურის ნიმუშების მსოფლიოში საგამოფენოდ ექსპონირებას, ის ეწინააღმდეგება საქართველოს, მისი ხალხის ადათსა და წესებს. ასეთებზე უთქვამს დიდ ილიას: „...უჩინარი, ...უშფოთველი, ქვემძრომელი, ...თვალაბმული, თავაკრული, ...ყველა ყრუი, ყველა ცრუი, ...მცირე, დიდი, ყველა ფლიდი, ცუღლუტი და მანკიერი, ...მტვერწაყრილი, თავდახრილი, ყოვლად უქმი, უდიერი, უზღუდონი, გზამრუდენი, არგამტანი და ცბიერი, მტრის არმცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალი, შინ ძლიერი, არ რის მქონე, არ რის მცოდნე, უზრუნველი და მშიერი“... ქართული საგანძური საგამოფენოდ აუცილებლად უნდა გაიტანონ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოფენის ჩაშლა საქართველოს შერცხვენა იქნება” („საქ.რესპ.“  4-5 ივლისი, 1999).GK

    ზურაბ ოიკაშვილი: „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზში გაიმართა საქართველოს კულტურული საგანძურის  დაცვის კომისიის პირველი სხდომა, რომელიც საკმაოდ პოლემიკური გამოდგა... კამათის საგნად იქცა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი მიძღვნილი გამოფენების გამართვისა და კულტურულ-სამეცნიერო მოწყობის საკითხები. ნაკლებად, მაგრამ მაინც, პარალელურად არც სხვა საჭირბოროტო საკითხები დარჩენილა ყურადღების გარეშე... ათსაათიანი სხდომის შემდეგ, აზრის გამოთქმა, ვითარების მოკლე კომენტირება ვთხოვე კომისიის თავმჯდომარეს, კულტურის მინისტრს ვალერი ასათიანს: „კმაყოფილი ვარ, რომ ბევრმა გამოთქვა საკუთარი აზრი, მაგრამ ჩემში უკმაყოფილება, უკმარისობის გრძნობა გამოიწვია იმან, რომ ძირითადი აქცენტები ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამართ გამოფენაზე გადავიდა და არსებითი ხასიათის პრობლემატიკაზე წინადადებებმა და მოსაზრებებმა ნაკლებად გაიჟღერა, მაგრამ ეს ხომ პირველი შეკრება იყო, ყველაფერი წინ არის, ვფიქრობ, მუშა-ჯგუფების პრაქტიკული მოღვაწეობის მეოხებით, უკვე სექტემბერში გვექნება სახელმწიფო პროგრამის პროექტი“ („საქ.რესპ.“ 9 ივლისი, 1999).GK

    ჯანსუღ ჭყონია: „ჩვენი საგანძურის საზღვარგარეთ გატანასთან დაკავშირებით (იგულისხმება ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოსადმი მიძღვნილი გამოფენებისა და სამეცნიერო-კულტურულ ღონისძიებათა გამართვა), საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია  ატეხილი... მე გატანის მომხრეთა მხარეს დავდექი, რამეთუ ვთვლი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი თავი სხვას გავაცნოთ... სჯობს, ჩვენი ახირებები გვერდზე გადავდოთ და ქვეყნის სახელისთვის ვიზრუნოთ. მაკვირვებს, თუ რატომ ემთხვევა ამ შემთხვევაში ერთმანეთს ზვიადისტთა და ეკლესიის მსახურთა პოზიციები. ეკლესიის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა საგანძურის გატანასთან დაკავშირებით და ფრიად საწყენია... ძველად, როდესაც ქართული ჯარი საომრად მიდიოდა, თვითონ ეკლესია გამოიტანდა ხოლმე ყველაზე ძალმოსილ ხატს და ჯარს წინ წარუმძღვარებდა მფარველად და იმედად. ჩვენ ახლაც ხომ ბრძოლაში ვართ?.. გატანის ნახევრადმოწინააღმდეგეები გარანტიებს მოითხოვენ, თანაც ისეთ გარანტიებს, რომლებიც მხოლოდ ღმერთის კომპეტენციაში მიდის. ასეთებს მივმართავ: შარზე ნუ ხართ! იმას ეცადეთ, რომ თქვენი ქვეყნის სახელი გარეთ გავიდეს და იქიდან შარავანდედით დაგვიბრუნდეს. ეს არის მამულიშვილობა და არა ის, რომ არავის არაფერი ვაჩვენოთ, რკინის კარებიან ბნელ ოთახში ჩავიკეტოთ ნივთებთან ერთად და ამგვარად მივაბაროთ სული უფალს“ („საქ.რესპ.“ 9 ივლისი, 1999).GK

    საპატრიარქოს განცხადება: „12 ივლისს სატელევიზიო არხის „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერმა“ განაცხადა, რომ მორწმუნეთა ტრადიციული მსვლელობას თბილისიდან მცხეთამდე წელს საპროტესტო ხასიათიც აქვს. ამასთან დაკავშირებით შევნიშნავთ, რომ ამგვარი მომლოცველობითი მსვლელობა არავითარ შემთხვევაში არ ატარებს საპროტესტო ხასიათს... წელს მორწმუნეები განსაკუთრებულ ლოცვებს აღავლენდნენ აგრეთვე იმისთვის, რომ საქართველოდან საზღვარგარეთ არ გაიტანონ საეკლესიო სიწმინდეები, რითაც ისინი დაზიანების აშკარა საფრთხეს გადაურჩებიან; და, აგრეთვე, იმისთვისაც, რომ ყველა სიწმინდე, რომელიც საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში ინახება, გადაეცეს ეკლესიას საკუთრებაში“ („საქ.რესპ.“ 15 ივლისი, 1999).GK

    რუსუდან ლორთქიფანიძე: „საქართველოში ახალი განხეთქილება არ შეიძლება − კატეგორიულად განაცხადა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე საქართველოს  პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, როდესაც იგი კვლავ ეროვნული განძის გატანის საკითხს შეეხო... მან იცის, როდესაც ქვეყანა აღმშენებლობისკენ მიდის, ნებისმიერი განხეთქილება არის ბიძგი უკუსვლისკენ. მით უფრო, ამ სიმწარისგან ჯერ კიდევ გვარიანად გვაქვს მოკვეთილი კბილი. რამდენი სისხლი, რამდენი ნგრევა და უბედურება გვაგემა განხეთქილებამ სულ ახლო წარსულში. ამიტომაც, როდესაც დღეს საქართველო შერიგების გზით მიდის, ედუარდ შევარდნაძე ეროვნულ თანხმობას უპირველეს საზრუნავად აცხადებს... ეროვნული განძის ამერიკის შეერთებულ შტატებში  საგამოფენოდ გატანის ერთ-ერთი ინიციატორი, როგორც ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, თვითონ იყო... პრეზიდენტის თქმით, „საქართველოს აქვს ის სიმდიდრე, რომლის შესახებაც დღევანდელმა მსოფლიომ პრაქტიკულად არაფერი იცის... მაგრამ რადგან გამოჩნდა სხვა აზრი, საწინააღმდეგო და რადიკალური, მე არ შემიძლია დღეს დავუშვა, რომ არ გავითვალისწინო, არის თუ არა ეროვნული თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით... მე არ შემიძლია დავუშვა, რომ არჩევნების წინ 200, 300, და 400 ახალგაზრდა იჯდეს და შიმშილობდეს. არ იქნება ეს სწორი. მე არ შემიძლია დავუშვა, რაღაც განხეთქილება საერო და საეკლესიო ხელისუფლებას შორის, ეს წარმოუდგენელია... ვთხოვ კულტურის მოღვაწეებს გაგებით შეხვდნენ ამას, საქართველოში ახალი განხეთქილება არ შეიძლება. ჩვენ მივდივართ შერიგების გზით. ამ პრობლემების დარღვევის გზით, რომლებიც არსებობდა, რომლებმაც გათიშა ქვეყანა და ამდენი სისხლი დაიღვარა... ჩვენ მის უწმინდესობასაც უნდა გავუწიოთ ანგარიში. მე არ ვიცი, როგორი აზრისაა ამ საკითხზე სინოდი... როგორც მე ვიცი, სინოდი ძალიან ნეგატიურად უყურებს. მისაღებია თუ არ არის მისაღები, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ანგარიში რომ არ გავუწიოთ იმ ადამიანს, ვინც დაწყებული 9 აპრილიდან, დაწყებული საბჭოთა წლებიდან ყოველთვის პატრიოტული და ეროვნული ინტერესების დასაცავად იდგა, ამის უფლება მე არა მაქვს და არც თქვენ“, − განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა“ („საქ.რესპ.“ 29 ივლისი, 1999).GK

    ჭიათურის მთავარეპისკოპოსი აბრაამი: „არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ჩვენი სერბი ძმების ტრაგედიას. იუგოსლავიაში სამხედრო ოპერაციების დაწყებისთანავე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II გააკეთა განცხადება და წმიდა სინოდის სახელით თანადგომის წერილით მიმართა სერბეთის პატრიარქს, უწმიდეს პავლეს... გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ძმების გამოსვლები ამ საკითხთან დაკავშირებით. რა შეიძლება ითქვას? რა შეცდომებიც არ უნდა დაშვებულიყო კოსოვოში, სამხედრო ოპერაციების ჩატარება არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ერთადერთი გამოსავალი. ყველა ჩვენგანისათვის ცხადია, რომ ამ აქციის მსხვერპლი გახდა მშვიდობიანი მოსახლეობა და არა ისინი, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო ამ ტრაგედიას“ („თბ. სასულიერო აკადემია და სემინარია“. ივლისი, 1999).TK

    გრიგოლ ჟვანია: „სამწუხაროდ, მაინც არსებობენ საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისათვის ყველა საჭირო საშუალებით აღჭურვილი ძალები, რომელთაც არ სურთ არავითარი დადებითის შენიშვნაც კი და ისინი თავიანთი ყოველდღიური საქმიანობით ძნელად გადასალახავ სიძნელეებს უქმნიან ხელისუფლებას და მთლიანად ერს... ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალთა სამსახურშია ერთობ აქტიური იდეოლოგიური ბრძოლის არსენალი − ზოგიერთი სატელევიზიო არხი, რადიო, განსაკუთრებით კი პრესა... ზოგიერთი სახელმწიფო კაცად წოდებული პიროვნება ყველაფერს აკეთებს საქართველოში ვითარების გამწვავებისათვის, იმისათვის, რომ რაც შეიძლება დაძაბოს ურთიერთობა საქართველოსა და მის დიდ ჩრდილოელ მეზობელ რუსეთს შორის. ისინი თავიანთი სიტყვიერი გამოსვლებისა და პრესის მეშვეობით ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ რუს ერს, ხან ჩრდილოეთის დათვს უწოდებდნენ მას, ხან ურჩხულს. ამ ტიპის „მოღვაწენი“ ხელაღებით უგულებელყოფენ ადვილად შესამჩნევ იმ ფაქტს, რომ თუ დღეს საქართველოს ევროპის ქვეყნებში საპატიო ადგილი უკავია, ამაში თავისი გარკვეული წვლილი რუსეთსაც − მისი მეშვეობით საქართველოს მიწაზე მოსულ მშვიდობიან ორას წელსაც მიუძღვის. რუსი ერის დახმარებით ქართველებმა თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და მეცნიერული განვითარების ისტორიაში ისეთი ნახტომი გააკეთეს, რომელსაც ჩვენზე მრავალრიცხოვანი არა ერთი და ორი ერი შენატრებდა... არც ისტორიაა მოძრაობა ცალმხრივ ქუჩაზე, და არც ჩვენი ადამიანური მეხსიერებაა მხოლოდ ცუდის, მარტოდენ ნეგატიურის დამტევი. არ შეიძლება წყალში გადავუძახოთ ყველაფერი, მოვსპოთ და გავათახსიროთ ყოველივე, რაც საქართველოსა და რუსეთის თანაარსებობის ორი საუკუნის მანძილზე პოზიტიური მომხდარა ჩვენი ორი ერის ცხოვრებაში. ისტორიული მეხსიერების უმადურობა ძალიან ცუდი მრჩეველია, და რაც მთავარია, ძალიან მყიფე საფუძველია მომავალი წინსვლისა. ხომ არ ვაქციეთ რუსეთიც კი განტევების ვაცად, რადგან საკუთარ თავში არ გვსურს იმის ხილვა, სინამდვილეში რასაც წარმოვადგენთ?!... ხელისუფლებას არა მარტო უნდა ვუკიჟინოთ, არამედ დავეხმაროთ კიდეც ნაკლოვანებათა აღმოფხვრაში. სხვაგვარად აზრს კარგავს ყველაფერი, რადგან ყველანი ერთი ხომალდის მკვიდრნი ვართ და თუ იგი წინააღმდეგობათა ქარიშხალში დაიღუპება, მაშინ დავიღუპებით ყველანი... განა შეუძლია ხელისუფლებას ყავარჯენზე დაყრდნობილი ქვეყნის საკუთარ ფეხებზე მყარად დაყენება, როცა მის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩაბმული 100-ზე მეტი ოპოზიციური პარტია, როცა ხელისუფლების წინააღმდეგ შეუფერხებლად იბრძვის იდეოლოგიური ბრძოლის არსენალის დიდძალი აგრეგატი?“ („საქ. რესპ“. 3 სექტემბერი, 1999).TK

    თენგიზ კიკაჩეიშვილი: „გვჯერა, რომ ხალხი მხარს დაგვიჭერს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს აფხაზეთის სამართლებრივი დაბრუნების ერთდაერთი რეალური პროგრამა, ასევე − კორუფციასთან ბრძოლის შეუვალი პოზიცია და ა.შ... ზვიადიზმი ეროვნული ტენდენციების გამოხატულებაა. ჩვენი ვარაუდით, მომავალ პარლამენტში სულ ორი-სამი პარტია მოხვდება. ესენია: „მოქალაქეთა კავშირი“, აღორძინება“, ჩვენ, ანუ „მრგვალი მაგიდა“ და შეიძლება ედპ“ („საქ. რესპ“. 3 სექტემბერი, 1999).TK

    ვახტანგ ქუთათელაძე (სახელმწიფო უშიშროების მინისტრი): „ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი და აღკვეთილია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პირთა ჯგუფის მიმართ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების ორგანიზების ფაქტზე... წინასწარი გამოძიებით გამოიკვეთა, რომ შეთქმულების ორგანიზატორია იგორ გიორგაძე. განვლილ პერიოდში მან ქ. მოსკოვში ჩამოაყალიბა საქართველოს და რუსეთის მოქალაქეებისაგან შემდგარი დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის წევრების აქტიური მონაწილეობითა და მხარდაჭერითაც გეგმავდა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერორისტული აქტების განხორციელებას... სამხედრო აქციის ხელმძღვანელობა ი. გიორგაძემ დაავალა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელს გენერალ გუჯარ ყურაშვილს... გეგმის მიხედვით, საქართველოში უნდა შერჩეულიყო „ბოევიკთა“ 300-კაციანი ჯგუფი... ამ რაზმის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოგვარება დაევალა ი. გიორგაძესთან დაახლოებულ პირს თემურ პაპუაშვილს... საწყის ეტაპზე, სამხედრო აქცია ითვალისწინებდა კრწანისის რეზიდენციის, სხვა სამთავრობო და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ლოკალიზებას. მისი საბოლოო მიზანი იყო საქართველოს პრეზიდენტის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს ხელმძღვანელთა ფიზიკური ლიკვიდაცია... დღევანდელი გადასახედიდან უფრო შინაარსიანად გამოიყურება შეთქმულების მომზადების იდეოლოგიური პროგრამა. მოგეხსენებათ, რომ იგი პარალელურად მიმდინარეობდა რუსეთსა და საქართველოში. ზოგადად იგი ითვალისწინებდა ი. გიორგაძის სახელის რეაბილიტაციას ფართო საზოგადოების თვალში და შეთქმულების განხორციელებისათვის საჭირო მორალურ-ფსიქოლოგიური კლიმატის შექმნას. ამ მიზნით რუსეთსა და საქართველოში გაიშალა ფართო პროპაგანდისტული კომპანია. ქ. მოსკოვში ამ კამპანიას ხელმძღვანელობდა ჟურნალისტი პროხანოვი, ხოლო საქართველოში, ი. გიორგაძის რეკომენდაციით, მის არქიტექტორად მოიაზრებოდა ვალერი კვარაცხელია. მთავარი იდეოლოგიური საყრდენის როლს ასრულებდა საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია... საყურადღებოა, რომ საქართველოს „სახალხო-პატრიოტული ძალების“ წარმომადგენლები ი. გიორგაძესთან შეხვედრების საფარად იყენებდნენ რუსეთის კომპარტიის ლიდერს გენადი ზიუგანოვს და სხვა პარტიულ ფუნქციონერებს, რომლებიც ქართველ კოლეგებს პერიოდულად უგზავნიდნენ მიწვევებს პარტიულ ღონისძიებებზე. ასეთი საბაბი გამოიყენეს წლეულს, თებერვალში, როდესაც მოსკოვში მიწვეული ქართული დეპუტაცია „შემთხვევით გამოჩენილი“ თავისუფალი დროის გამოყენების მიზნით ჩავიდა მინსკში, სადაც შეხვდა ი. გიორგაძეს. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ვახტანგ გოგუაძე, ბორის კაკუბავა და გიორგი ბიჭაშვილი“ („საქ. რესპ“. 12-13 სექტემბერი, 1999).TK

    ედუარდ შევარდნაძე: „პრეზიდენტის ბრძანებულება, იძულებული ვარ ვთქვა, ბოროტად, მართლაცდა ბოროტად დაირღვა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, რაც საქართველოს კონსტიტუციის ხელყოფაა. ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება. რამდენადაც კარგ ურთიერთობას უნდა ამჟღავნებდეს პირადი შეხვედრისას ან სატელეფონო საუბრების დროს ჩემს მიმართ ავტონომიის ხელმძღვანელი ან პირიქით, მე იძულებული და არა მხოლოდ იძულებული, არამედ ვალდებული ვარ განვაცხადო, რომ პრეზიდენტის ბრძანებულების შეუსრულებლობით ავტონომიის ხელმძღვანელობამ ხელყო საქართველოს კონსტიტუცია, მისი მთლიანობაც კი ეჭვქვეშ დააყენა... ტერიტორიული მთლიანობა არ გახლავთ მხოლოდ გეოგრაფიული ან თუნდაც კულტურული ცნება. იგი, უწინარესად, სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ცნებაა... საქართველოს 1995 წლის კონსტიტუცია ნათლად განსაზღვრავს, თუ რა განეკუთვნება ცენტრალური ხელისუფლების უეჭველ შეუვალ უფლებამოსილებას. ეს შესანიშნავად იციან იმათმაც, ვინც ასე თავხედურად, უკვე მერამდენედ ხელყო საქართველოს კონსტიტუცია, ანუ ქვეყნის მთლიანობა... რაც შეეხება იმათ, ვინც კვლავინდებურად იმყოფებიან ბათუმის იზოლატორში, ვიმეორებ, კანონის და კონსტიტუციის ყოველგვარი დარღვევით იმყოფებიან ბათუმის იზოლატორში აგერ უკვე 6 წელიწადია, საქართველოს პრეზიდენტმა ისინი შეიწყალა ისევე, როგორც ათასობით სხვა პატიმარი. სასჯელის უმეტესი ნაწილი მათ უკვე მოხდილი ჰქონდათ... კონსტიტუციური სივრცის რღვევა სახელმწიფოს რღვევის დასაწყისია. მე ვალდებული ვარ, ეს დროულად ვამცნო საზოგადოებას და კიდევაც გავაფრთხილო იგი. და კიდევ ერთი: წარმოიდგინეთ რა მოხდება საქართველოში, თუნდაც თეორიულად თუ წარმოვიდგენთ, მომავალ არჩევნებში ასეთი რეჟიმი რომ მოგვევლინოს. რა დარჩება პიროვნებისა და სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემისაგან, რომელსაც უამრავი სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ. რა დარჩება ქართული დემოკრატიისაგან, რომელიც ევროპამ და მთელმა მსოფლიომ აღიარეს... მე იშვიათად ვმონაწილეობ წინასაარჩევნო დებატებში, თქვენ დამერწმუნებით ამაში, მით უმეტეს, დისკუსიებში ჩემს ოპონენტებთან. დღეს კი სიჩუმე უნდა დავარღვიო და ვკითხო ადამიანის უფლებათა დამცველებს, ტელე და რადიო -პროგრამათა მონაწილეებს (ეს ყველაზე ნაკლებად, სხვათა შორის, პირველ არხს ეხება), ნახევრად ოფიციალურ თუ თავისუფალ პრესას, ბოლოს, ეგრეთ წოდებული ბათუმური ალიანსის პარტიათა წარმომადგენლებს: რატომ ხართ გაჩუმებული? ნუთუ ვერ ხედავთ, რომ ბათუმში ჩადენილი ეს უპრეცედენტო დანაშაული, თუ ის არ დავგმეთ, გზას უხსნის ჯაშუშომანიას, დასმენებს, საქმეების შეთითხვნას, ერთი სიტყვით, გვაბრუნებს წარსულისკენ, ბორკილებით ხელ-ფეხ შეკრულ საზოგადოებისკენ. სინდისი არ მომასვენებდა ეს რომ არ მეთქვა. მე კვლავ ადამიანურად, კაცურად მივმართავ აჭარის ხელმძღვანელს ბატონ ასლან აბაშიძეს: ნუ დაარღვევთ კონსტიტუციას, საქართველოს ერთიანობისა და მთლიანობის უმთავრეს გარანტიას“ („საქ. რესპ“ 12 ოქტომბერი, 1999).TK

    1999 წლის 6 ოქტომბერს საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა („საქ. რესპ“ 12 ოქტომბერი, 1999).TK

    დავით ლანჩავა: „ სიტყვა მოქალაქეობა წარმართული რომის მოგონილია, დიახ, იმ წარმართული რომის, რომელსაც მსოფლიო ბატონობა სურდა და რომლის დროსაც კაცობრიობას მოევლინა მხსნელი. იგივე მოქალაქეები მოამზადებენ ანტიქრისტეს მოსვლას მსოფლიოში... ვაი, რომ წარმართული რომის მიერ მოგონილ მოქალაქეობას ვამჯობინებთ, რომელსაც არანაირი დატვირთვა ჭეშმარიტებისა არ გააჩნია... მე მგონი, ყველას, ვისაც არ უნდა ქართველი ეწეროს (პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში), უარყოფს თავის ისტორიას, თავის გენს და რცხვენია ქართველობის... მდიდარია ჩვენი ერი, რომელიც იქით ასწავლიდა და დღესაც ასწავლის მსოფლიოს ჭეშმარიტებას და უძღებო შვილებო, გონს მოდით, დაუბრუნდით ეროვნულობას, ტრადიციებს, წინაპართა მიერ დატოვებულ ანდერძებს, თორემ შეჩვენებულნი იქნებით... ვაი, თუ ეს აჟიოტაჟი ერთი მედლის ორი მხარეა, რათა ერის გონება გადაღალონ, ემოციურად დაქანცონ, მოადუნონ და „დააკმაყოფილონ“, რათა „უცებ“ ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობები „შემოაგდონ“, სადაც ეროვნულობაც ეწერება, სარწმუნოებაც, ფეხის ზომაც და თვალის ფერიც. მაგრამ, ვაი თუ, პირადობის ეს აღმატებული დოკუმენტი კომპიუტერში სატანის სამი ექვსიანით იქნეს კოდირებული. ეს პროცესები, ორი წელია, საბერძნეთში უკვე მიმდინარეობს“ („მრევლი“. N11, 1999).TK

    გრო-ს (გაერთიანებულ რელიგიათა ორგანიზაცია) დევიზია: „მსოფლიოს რელიგიებზე კონტროლი − მთელს კაცობრიობაზე კონტროლია“. ერთიანი მსოფლიო რელიგია, გაერთიანებული მსოფლიო „ეკლესია“ − უკვე ორასი წელია მასონთა ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია და ამჟამად ძალზე ახლოსაა საბოლოო ორგანიზაციულ გაფორმებამდე: ეს იქნება გაერთიანებულ რელიგიათა ორგანიზაცია, რომელიც ტერიტორიულად აშშ-ში, სან-ფრანცისკოს მახლობლად მდებარე ყოფილ სამხედრო ბაზაზე განლაგდება. გრო-ს ქარტია უკვე დაწერილია... მისი ორგანიზაციული სტრუქტურა 2000 წლისათვის საბოლოოდ ჩამოყალიბდება, ხოლო 2005 წელს სრული ძალით იმოქმედებს. ამ პროექტის შემუშავებაში მონაწილეობენ რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი უილიამ სვინგი, აშშ-ის ეპისკოპალური ეკლესიის კალიფორნიის ეპარქია, გორბაჩოვის ფონდი, თვით აშშ-ის მთავრობა და კათოლიკური ეკლესიის რამდენიმე სხვა ლიდერი, რომლებიც მოქმედებენ ისეთი ცნობილი ეკუმენური ორგანიზაციის ეგიდით, როგორიცაა „რელიგიისა და მშვიდობის საკითხების მსოფლიო კონფერენცია“ („გვირგვინი“. 29-14 დეკემბერი-იანვარი, 1999).TK

    19 დეკემბერი წმინდა ნიკოლოზის დღეა. წმინდანი ბავშვთა, ღარიბ-ღატაკთა, უპოვართა და მეზღვაურთა მფარველადაა აღიარებული. მან თავის სიცოცხლეში ბევრი სასწაულით განაცვიფრა ქვეყანა და 343 წლის 19 დეკემბერს მიიცვალა... თბილისში, ჩუღურეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ყოველი წლის 19 დეკემბერი ნამდვილ საეკლესიო ზეიმად იქცევა ხოლმე. წლევანდელი წმინდა ნიკოლოზობა საქართველოს „წითელი ჯვრის“ საქველმოქმედო აქციითაც აღინიშნა. ეკლესიის ეზოში გაშლილ სამარხო სუფრაზე ასობით მათხოვარი და უპოვარი ადამიანი მიიპატიჟეს, ისინი, ვისთვისაც შიმშილი და სიცივე დაუძლეველ პრობლემადაა ქცეული. აქციის მომწყობნი აღნიშნავენ, რომ სუფრასთან ბევრად მეტი ადამიანი მოვიდა, ვიდრე გათვალისწინებული იყო... მათხოვრებმა ერთმანეთს ლუკმა გაუყვეს... ბოლოს ილოცეს და წმინდა ნიკოლოზს მადლი შესწირეს. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იმდღევანდელი მასპინძლები, მათ სწორედ წმინდანმა გამოუგზავნა („გვირგვინი“. 29-14 დეკემბერი-იანვარი, 1999).TK

    რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 19 დეკემბერს გაიმართა, მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60-მა პროცენტმა. მიმომხილველთა აზრით, მოსახლეობის აქტიურობა წინა არჩევნებთან შედარებით დაბალი იყო („გვირგვინი“. 29-14 დეკემბერი-იანვარი, 1999).TK

    რუსული მასმედიის დემოკრატიული ნაწილი ფრიად კმაყოფილი დარჩა სამთავრობო ბლოკის „ედინსტვოს“ დიდი წარმატებით. ამ ექვსი თვის წინ შექმნილმა ბლოკმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და არჩევნებში 23,54 პროცენტი დააგროვა. ასევე მოულოდნელი აღმოჩნდა კირიენკოს მიერ შექმნილი „მემარჯვენე ძალთა კავშირის“ გამარჯვება. აღნიშნულმა კავშირმა 8,72 პროცენტი მიითვალა („გვირგვინი“. 29-14 დეკემბერი-იანვარი, 1999).TK

    რუსეთის დუმის არჩევნებს მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს. 1500 უცხოელი დამკვირვებელი უშუალოდ არჩევნების მსვლელობას სწავლობდა. უცხოელ დამკვირვებელთა აზრით, დარღვევების მიუხედავად, არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა („გვირგვინი“. 29-14 დეკემბერი-იანვარი, 1999).TK

    2000 წლის ზაფხულში რუსეთის საპრეზიდენტო პოსტისთვის მარათონში მონაწილეობის სურვილი უკვე გამოთქვეს: ვლ.პუტინმა, ევგ.პრიმაკოვმა, გრ.იავლინსკიმ და ჟირინოვსკიმ („გვირგვინი“. 29-14 დეკემბერი-იანვარი, 1999).TK

    თბილისში ვიზიტად მყოფი დსთ-ს გენერალური მდივნის იაროვისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ედუარდ შევარდნაძე მონაწილეობას მიიღებს დსთ-ს იანვრის სამიტში და „კოლეგებს“ შეახსენებს დსთ-ს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აფხაზეთის საკითხის მოგვარებას ეხებოდა („გვირგვინი“. 29-14 დეკემბერი-იანვარი, 1999).TK

    დღესდღეობით, საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა 113 ქვეყანასთან აქვს დამყარებული, 20 სახელმწიფოსთან კონსულტაციები მიმდინარეობს. საზღვარგარეთის ხელისუფლებებთან უკვე დადებულია 1000-მდე ხელშეკრულება („გვირგვინი“. 29-14 დეკემბერი-იანვარი, 1999).TK

    საქართველო ამჟამად არ არის დამოკიდებული რომელიმე ერთი ქვეყნის ბაზარზე. მისი სავაჭრო არეალი ფართოა. მისი სავაჭრო პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი, რუსეთი, გერმანია, აზერბაიჯანი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, სომხეთი, უკრაინა, საბერძნეთი („გვირგვინი“. 29-14 დეკემბერი-იანვარი, 1999).TK

    19 დეკემბერს რუსეთმა თავისი ახალი პარლამენტი აირჩია. არჩევნების სენსაციად იქცა ეგრეთწოდებული „სამთავრობო“ პარტიის „ედინსტვოს“ გამარჯვება. იგი თავის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობით რუსეთის ყველაზე ძლიერ, კომუნისტურ პარტიას ამოუდგა გვერდით. მოხდა კიდევ ერთი, ევროპელთათვის დამაიმედებელი ფაქტიც, − ხუთპროცენტიანი ბარიერი გადალახა რუსეთის მემარჯვენე ძალთა გაერთიანებამაც... დღეს, არჩევნებიდან ათი დღის შემდეგ, დასავლეთი გამარჯვებულ სამთავრობო გაერთიანებას, უბრალოდ „ომის პარტიას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მან გამარჯვებას სწორედ ჩეჩნეთში წარმოებული ომით მიაღწია. გაერთიანების ლიდერი, პრემიერი პუტინი მიიჩნევს, რომ ჩეჩნეთის ომი, რომელსაც რუსი პოლიტიკოსები ტერორისტების შემუსვრის ოპერაციას უწოდებენ, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის შინაური საქმეა და მის მოსაგვარებლად უცხოეთის ჭკუის დარიგებას არ საჭიროებს („გვირგვინი“. 29-14 დეკემბერი-იანვარი, 1999).TK

    ალექსანდრე ჩახვაშვილი (თბილისის სასულიერო სემინარიის სტუდენტი): „წმინდა ნინომ უფლის შეწევნით და ძალით, ღმრთისმშობლის ხილვით განძლიერებულმა, ვაზის ჯვრით ხელში სასოებით მლოცველმა, დაამხო კერპნი არმაზის, გაცის და გაიმის, ამით დაამარცხა და ამხილა სატანის საქმენი... ეს ის კერპები იყვნენ, რომელთაც ყოველგვარ შესაწირავთან ერთად ჩვილ ბავშვებს, ქალწულებს თუ ჭაბუკებს სწირავდნენ. ბნელეთის ძალებით გონებადაბნელებული ქართველობა, ყოველივე ამას, ჩვეულებრივ, ღმერთის თუ ღმერთების თაყვანისცემის რიტუალად თვლიდა. რა იყო ეს, თუ არა სატანის მიერ ჩვენი წარმართი წინაპრების და შთამომავლობის საბოლოო დაღუპვის ცდა?... მთელი ქართველობა, დღემდე ვრაცხავთ მოციქულთა სწორს, წმინდა ნინოს, ქართველთა განმანათლებლად. ნათელ გზას შემდგარი საქართველო და ქართველობა, მიუხედავად მრავალი ცთუნებისა თუ ძალადობისა არ სტოვებდა დიად ნათელს − უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი. კერპთაყვანისმცემლობას, ცეცხლთაყვანისმცემლობას, მაჰმადიანობას და სხვა მრავალ ბოროტისეულს, ახლოს არ იკარებდნენ ერთხელ სინათლით შემოსილი ჩვენი წინაპრები... აწ ზეციური საქართველოს ბინადართ და მთლიანად მთელ ერს, თავის დროზე, აზრადაც არ მოსვლიათ ქანდაკებები ანუ მოცულობითი გამოსახულებანი დაედგათ უფლისათვის, ღმრთისმშობლისათვის, ზეციური საქართველოს მკვიდრთათვის. გულუბრყვილობა იქნება იმის გაფიქრება − გელათის, სვეტიცხოვლის, ჯვრის, კუმურდოს, ალავერდის და სხვა მრავალთა აღმშენებელ ერს გასჭირვებოდა უბრალო კონსტრუქციის დადგმა ქანდაკების სახით. მიზეზი ქანდაკთა უარყოფისა იყო კერპთაყვანისმცელობისკენ დაცემის და აქედან სიბნელეში შთაფლვის უარყოფა... დღეს მთელი ქართველობა შეგნებულად თუ შეუგნებლად მიილტვის ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სარწმუნოებისაკენ. სატანისეულ სიბნელეს ჩვენი სულიდან ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ და კანონზომიერად სდევნის ჭეშმარიტი სულის ნათელი ღმრთისა ჩვენისა... ჭეშმარიტი სარწმუნოების ზიარების სურვილით ანთებულ ჩვენს ხალხს სატანა თვით სარწმუნოებაში უგებს მახეს. სულიერი სინათლით თვალმოჭრილთ აგდებს ეგრეთწოდებულ „რასკოლნიკთა“ ცთუნებაში, სექტანტური, კრიშნაიდურ მოძღვრების ხიბლში და კიდევ, საცთურად, თვით კერპების შემმუსვრელის, წმინდა ნინოს სკულპტურის დადგმის სურვილს აღუძრავს; აღუძრავს სურვილს მონუმენტური ქანდაკე-ნაგებობა-ანსამბლებით, ვითომცდა განადიდოს წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი, წმინდა მოწამე თევდორე, მეფე დიმიტრი თავდადებული და მრავალი სხვა; აღუძრავს სურვილს ცხრა აპრილს წამებულთ აუგონ ბომონი-მემორიალი“ („საქ. ქრისტეანული კულტურა“. N 2, 1999).TK („საქ. ქრისტეანული კულტურა“. N 2, 1999).TK

    დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი: „სიმბოლო-გამოსახულებებს, ქანდაკებებს და ნაგებობებს ძველთაგანვე განსაკუთრებული მისტიურ-ყოფითი მნიშვნელობა ენიჭებოდა და დღესაც არ უნდა კარგავდეს იმ აზრს, რომ ეს სიმბოლოები ჩვენი ცხოვრებისთვის, გარემოსთვის და მომავლისთვის მრავალი უბედურების მომტანია. ყველას გვახსოვს თუ როგორ დაეცა, აწ თავისუფლების მოედანზე, ლენინის უდიდესი მონუმენტი... მაგრამ ორთაჭალგესის ნაგებობის ფასადიდან კვლავ გვახსენებს თავს ადამიანთა მტარვალი ლენინის ბარელიეფი; საქართველოს გერბი წმინდა გიორგის გამოსახულებითაა დამშვენებული... წიწამური! იქ სადაც დაიღვარა მოწამებრივი სისხლი დიდი ილიასი 1907 წელს − წმინდა ნიშნად აღიმართა ჯვარი ნაკურთხი. დღეს, იმავე ადგილზე, აღმართულია ყველასთვის ნაცნობი და გათავისებული ობელისკი ილიას ბარელიეფით. ეს გათავისება ცრუ და დამღუპველია. ეს ობელისკი ჯვრის უარყოფის ტოლფასია, ხოლო ჯვრის უარყოფა ზეიმია ეშმაკისა და წმინდა ილიას მკვლელობისა... საჭიროა აღდგეს ჯვარი, რათა გარდმოვიდეს უფლის წყალობა და შენდობა წიწამურზე მომხდარი დიდი ღალატისა“ („საქ. ქრისტეანული კულტურა“. N 2, 1999).TK

    ზვიად მიქელაძე: „ჩემი აზრით, 9 აპრილი ერთდროულად იყო ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვებისა და უდიდესი ტრაგედიის დღე... ტრაგედიამ დაქსაქსა ეროვნული ძალები. მანამდე თუ ჩვენი ერთადერთი მტერი საბჭოთა რუსეთი იყო, 9 აპრილის შემდგომ ერთმანეთს დავუპირისპირდით და თითქოს დღითიდღე უფრო ვიძულებდით ერთურთს... იოანე-ზოსიმეს მიერ ნაწინასწარმეტყველები კიდევ ერთი კუთხიდანაა საინტერესო: 1992 წლის 7 მარტიდან 666-ე დღე კვლავაც ემთხვევა 1994 წლის 1 იანვარს (გავიხსენოთ ისიც, რომ 1990 წლის მაისიდან, „მრგვალი მაგიდის“ შექმნიდან, 1992 წლის 7 მარტი იყო აგრეთვე 666-ე დღე)... ბატონმა ზვიად გამსახურდიამ იცოცხლა ზუსტად 19 999 დღე, ანუ ზუსტად 657 თვე. იგი გარდაიცვალა თავისი უკანასკნელი დაბადების დღიდან ზუსტად მე-9 თვეს. თუ 657-ს გავყოფთ 9-ზე, მივიღებთ 73-ს, ანუ გამოდის, რომ ბატონმა ზვიად გამსახურდიამ იცოცხლა ზუსტად 9-ჯერ 73 თვე. თავისთავად 73 თვე შედგება ზუსტად 2222 დღისაგან. გამოდის, რომ ბატონ ზვიადს უცოცხლია ზუსტად 9-ჯერ 2222 დღე, რაც 19 998 შეადგენს, ხოლო 1993 წლის 31 დეკემბრის ღამის 1-2 საათი მისთვის იყო უკანასკნელი 19 999-ე დღე... ყოველივე, რაც აცხადდა, დამოკიდებულია კოსმიურ სამყაროსთან, რომელიც, თავის მხრივ, შედგება უამრავი ვარსკვლავისა და პლანეტისგან. ასტროლოგიურ მეცნიერებას ბატონი ზვიად გამსახურდიაც აღიარებდა. იგი ამბობდა, რომ არ შეიძლება ღმერთის მიერ შექმნილი ამხელა სამყარო იყოს უსისტემო და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული. ამიტომაც ღმერთმა შექმნაო ეს ვარსკვლავები. ამის მაგალითად ბატონ ზვიადს მოჰყავს ეპიზოდი „ვეფხისტყაოსნიდან“, სადაც ავთანდილი მზეს მიმართავს. ბატონ ზვიადის განმარტებით, მზე ამ შემთხვევაში წარმოადგენს არა პლანეტას, არამედ ღმერთს... ზოდიაქოს 12 ნიშნის მიხედვით, ადამიანთა კატეგორია 12 ჯგუფად იყოფა. თორმეტივე ნიშნის მატარებელს თავისებური მისია აქვს დაკისრებული. თუ ამ კუთხით ვიმსჯელებთ, ჩემი აზრით, შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ბატონ ზვიად გამსახურდიას ზოდიაქოს ნიშანი იყო ვერძი“ („არჩევანი“. N 3, 1999).TK